სიახლეები

ქუთაისში, ''2024-2026 წლების ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამის'' საჯარო კონსულტაცია გაიმართა

22 დეკემბერი, 2023
ქუთაისში, "2024-2026 წლების ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამის" საჯარო კონსულტაცია გაიმართა.
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და პროგრამის მენეჯერმა ირაკლი ხმალაძემ, იმერეთის რეგიონისა და ზოგადად დასავლეთ საქართველოს ხელმძღვანელ პირებთან, ევროკავშირის დაფინანსებით 2024-2026 წლებში განსახორციელებელ პროექტებზე და პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
 
იმერეთის გუბერნატორმა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება, იმ რეგიონების ხელმძღვანელ პირებს გაუზიარა, რომლებიც ახლა ერთვებიან აღნიშნულ პროგრამაში.
 
,, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ჯამში 90 მილიონამდე ღირებულების პროექტები დაფინანსდა იმერეთში. ჩვენ, შევძელით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით რეგიონში ისეთი კომპონენტების განვითარება, როგორიცაა ურბანული განახლება, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარება, ბიზნესის ხელშეწყობა და მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
 
ასევე პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული და ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.
 
მნიშვნელოვანია, რომ საპილოტე 4 რეგიონს შემოუერთდა სხვა რეგიონებიც და უკვე შესაძლებელი გახდა ყველა რეგიონმა ისარგებლოს ევროკავშირის დაფინანსებით” - ზვიად შალამბერიძე.
 
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით შეიმუშავა ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების 2024-2026 წლების პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და გარკვეულწილად, წარმოადგენს საპილოტე რეგიონების (4 რეგიონი) ინტეგრირებული განვითარების 2020-2022 წლების პროგრამის გაგრძელებას.
 
შეხვედრაზე შემდგომი უკუკავშირის მიზნით წარმოდგენილი იყო 2024-2026 წლების ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამის სამუშაო ვერსია, შესაბამისი პრიორიტეტებით და დასაფინანსებელი აქტივობებით.
 
პროგრამის დამტკიცებამდე სამინისტრო მართავს კონსულტაციებს ტერიტორიული განვითარების პროცესში ჩართულ მხარეებთან, სოციალურ და ეკონომიკურ პარტნიორებთან.
 
პროგრამა მომზადებულია ევროკავშირის სოციალურ-ეკონომიკური კოჰეზიის პოლიტიკის პრიორიტეტებისა და მიდგომების შესაბამისად.