იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველ მოადგილე ლევან სანიკიძესთან ერთად, რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა.
შეხვედრაზე 2023 წლის მუშაობა შეაჯამეს და 2024 წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
მიმდინარე წელს იმერეთში ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების 2 245 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა.
სამუშაო შეხვედრაზე ანგარიში წარმოადგინა იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO იმერეთი) ხელმძღვანელმა მარი დევიძემ. მან ტურისტული მიმართულებით მიღწევებზე, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაზე, ტურისტების მოზიდვასა და რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.
ასევე დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროების რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები. მათ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს, ასევე შეაჯამეს 2023 წლის პროექტები.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე ცოფისა და ჯილეხის შემთხვევებისას პრევენციული ღონისძიებების მყისიერად გატარებაზე ისაუბრა.
სამუშაო თათბირზე დეტალურად განიხილეს 12-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც გარდამავალი ასევე 2024 წელს განსახორციელებელი პროექტები.