სიახლეები

ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში ფესტივალი „უშანგი“ გაიხსნა

29 ნოემბერი, 2023
ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში პირველი კლასიკური დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი „უშანგი“ გაიხსნა.
 
ზესტაფონის თეატრმა წელს 85-ე საიუბილეო თეატრალური სეზონი უილიამ შექსპირის ,,ჰამლეტით” გახსნა, რომელიც რეჟისორმა ვატო ჯუღელმა დადგა.
 
ფესტივალის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
 
ფესტივალის მონაწილეები არიან: გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რუსთავის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
 
ფესტივალს 13 გამარჯვებული ეყოლება სხვადასხვა ნომინაციებში, რომელსაც სპეციალურად შექმნილი, კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.
 
ფესტივალი 5 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება. ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაა.