აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებული გვირაბის პარალელურად ახალი გვირაბი გაიჭრა.
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გაჭრილი ახალი გვირაბის სიგრძე 1800 მეტრია და დღეის მდგომარეობით, ყველაზე გრძელი გვირაბია ქვეყანაში.
მიმდინარე პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა დაათვალიერეს.
ამავე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო ახალ, 2.4 კმ-იან გზაზე. ძველ საგზაო მონაკვეთზე კი, გაგრძელდება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები.
ამ დროისათვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50 გვირაბი და 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 83 ხიდი. აქედან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან, 4 ზოლიან მონაკვეთზე სოფელ ხევიდან და დაბა შორაპნამდე. ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს, რომელმაც რიკოთზე გადაადგილების მანძილი 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით უკვე შეამცირა. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე.
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და მსოფლიო ბანკთან (WB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს საერთო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 60%-ზე მეტი (261 კმ) ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალური გზის 81 კმ-ზე.