იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ, მარკ კლეიტონთან და რუმინეთის ელჩ, რაზვან როტუნდუსთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს იმერეთის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალზე. გარდა ამისა იმსჯელეს მხარის საინვესტიციო გარემოსა და ზოგადად ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებებზე.
სახელმწიფო რწმუნებულმა დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებს იმერეთის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმერეთში ვიზიტისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორი ქეყნების ელჩებთან შეხვედრა და იმ გამოცდილებების გაზიარება, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების რეკომენდაცია გასცა და საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადება. ამ მოცემულობაში კი მეგობარი ქვეყნების დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა და მოსაზრებების მოსმენა მნიშვნელოვანია.
ჩვენ, ევროკავშირი აქტიურად გვეხმარება, მათი დაფინანსებით რეგიონში ბოლო სამი წლის განმავლობაში 70 მილიონამდე ღირებულების პროექტები განხორციელდა. პროცესი გრძელდება და ევროკავშირის მხარდაჭერით რიგი პროექტები 2024 წელსაც დაფინანსდება“ - ზვიად შალამბერიძე.
იოსებ ხახალეიშვილმა სტუმრებს გააცნო ქუთაისის საუნივერსიტეტო, ტურისტული, ლოჯისტიკური შესაძლებლობები, ასევე ისაუბრა ქალაქში განხორცილებულ საერთაშორისო პროექტებზე.
,,ჩვენ დღეს ვუმასპინძლეთ საქართველოსა და ნატოს საკონტაქტო საელჩოს წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში გვესტუმრნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი და რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ.
საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის პლატფორმა. ამ პერიოდის მანძილზე სხვადასხვა პროექტი განხორციელდა საქართველოში, მათ შორის ქუთაისში.
დღეს სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ქუთაისის საუნივერსიტეტო, ტურისტული, ლოჯისტიკური და ბიზნეს - შესაძლებლობების შესახებ, ასევე ვისაუბრეთ მომავალ თანამშრომლობაზე“ - იოსებ ხახალეიშვილი.
დღესვე ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის მერიის წინ არსებულ სკვერში მოეწყო დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის ერთობლივი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც აღინიშნება ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად არჩევა ორი წლის ვადით. საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის პლატფორმა. ადგილზე მისულ დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ დეტალურად გაეცნონ საკონტაქტო საელჩოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.