სიახლეები

მუნიციპალიტეტებში ინოვაციების ლაბორატორიები ამოქმედდება

19 ივნისი, 2015

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები და იმერეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები ესწრებოდნენ.

სსიპ ინოვაციების სააგენტომ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის მხარის პირველ პირებს ინოვაციების ლაბორატორიების შექმნის პროექტი გააცნო. პროექტი მუნიციპალიტეტებში ისეთი დაწესებულებების შექმნას გულისხმობს, სადაც მოქალაქეებს მათი ინოვაციური იდეების რეალიზებასა და განვითარებაში დაეხმარებიან. ამ ეტაპზე იმერეთში სამი მუნიციპალიტეტი შეირჩა, სადაც ინოვაციების ლაბორატორიები სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ: ჭიათურა (მრეწველობა), წყალტუბო (ტურიზმი) და სამტრედია (სოფლის მეურნეობა).

პროექტის განხორციელება რამდენიმე თვეში დაიწყება, საწყის ეტაპზე მუნიციპალიტეტის გამგეობები ინოვაციების ლაბორატორიებისთვის საჭირო ფართს შეარჩევენ.