სიახლეები

საქართველოს პრემიერ მინისტრმა რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გახსნა

28 ოქტომბერი, 2023
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გახსნა.
 
ხევი-შორაპნის 4 ზოლიანი, 27 კმ-იანი მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს.
 
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით შეამცირებს. ის დააკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთებს.
 
„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები პატივცემულ ელჩებს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ბიზნესის წარმომადგენლებს. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ვარ ძალიან გახარებული და ბედნიერი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის გახსნის ცერემონიაში ვიღებ მონაწილეობას. ჩვენ, ყველამ, კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალებისა და გზების მშენებლობას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღევანდელი მდგომარეობით, 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან - 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ - ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და, რა თქმა უნდა, გრძელდება ეს პროცესი. ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ-იანი, 4-ზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას. რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში იქნება 52 კმ, 97 ხიდი შენდება და 51 გვირაბი. დღეის მდგომარეობით, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი - აშენებული. ეს არის გრანდიოზული სამუშაოები, ყველაზე მასშტაბური პროექტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის, სირთულის, გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში ასეთი ანალოგიური პროექტი” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
,, დღეს რიკოთის მონაკვეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გაიხსნა. მთელი ქვეყნის ტვირთბრუნვის 60 % სწორედ ამ გზაზე მიმდინარეობს და ეს ფაქტიურად ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით იმერეთისთვის. ახალი გზა იძლევა საშუალებას გაიზარდოს ტვირთბრუნვა, ასევე მგზავრებისთვის გადაადგილებაც გაცილებით უსაფრთხო იქნება ვიდრე აქამდე იყო რიკოთის მონაკვეთზე. იმერეთის რეგიონი და ქუთაისი შეიძლება ითქვას , რომ კიდევ უფრო დაახლოვდება თბილისთან და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის, რომლებიც მიემართებიან დასავლეთ საქართველოში ან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გადაადგილება იქნება უფრო კომფორტული” - განაცხადა მედიასთან ზვიად შალამბერიძემ.
 
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი. დღეისათვის, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია, 83 ხიდი კი, უკვე აშენებული. სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება და პროექტი 2024 წელს დასრულდება.
 
რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან.
ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, გარე განათების სისტემასაც.
 
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისას, უბისა-შორაპნის და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებად.
 
პროექტის ფარგლებში, სურამთან, შროშასთან და ზესტაფონთან მოეწყობა სპეციალური სივრცეები, ე.წ. სავაჭრო მოედნები, სადაც მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების პირობებში შეძლებს.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 10,000 ადამიანზე მეტი, საიდანაც 70%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა.
 
მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტების - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
 
სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, პროექტის დასრულება კი, 2024 წელს იგეგმება.