სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა

24 ოქტომბერი, 2023
ფორუმის მონაწილეები ისაუბრებენ, თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში, რა მიმართულებები უნდა გააძლიერონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პარტნიორების მხარდაჭერით და რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკოსისტემის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.
 
სხვადასხვა ქვეყნის საუნივერსიტეტო სფეროში მოღვაწე ფორუმის მონაწილეებს სხვა გამომსვლელებთან ერთად, სიტყვით მიმართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
 
,,სასიამოვნოა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ მასპინძლობს ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმს. საერთაშორისო ფორუმი ისეთ თემაზეა, რომელიც ნამდვილად არის საგანმანათლებლო სივრცეში თანამედროვე მსოფლიოსთვის გამოწვევა.
 
დღეს KIU ყველასთვის მკაფიოდ ასოცირდება ინოვაციებთან, თანამედროვე ტექნოლოგიებთან და განათლების მაღალ სტანდარტებთან.
 
ჩვენი რეგიონი, ისევე როგორც მთელი ქვეყანა, ძალიან ბევრი გამოწვევების წინაშე დგას და მათ შორის არის უმუშევრობა, რისი გადაჭრის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სტუდენტებისთვის ისეთი განათლების მიცემა, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი იქნება.
 
მისასალმებელია, რომ KIU თავისი საქმიანობით, ცდილობს სწორედ ამ მიმართულებით შეიტანოს წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და დაუკავშიროს საგანმანათლებლო და სამეწარმეო სექტორი, რაც საბოლოოდ აუცილებლად აისახება რეგიონის და ქუთაისის განვითარებაზე” - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
 
წლევანდელი ფორუმის თემაა - “ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“. ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მონაწილეები ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს.
 
ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმი აერთიანებს მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ელჩებს, ჩამოსულ სტუმრებს აშშ-დან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.
 
KIUInnovate ბიზნეს ფორუმი წელს TUM International-თან პარტნიორობით, KIU ინოვაციების საეტაპო ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვა და განვითარება უნივერსიტეტში. ფორუმი თავისი შინაარსით კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რაც ინოვაციების ჭრილში ბიზნესისა და ინდუსტრიის წინაშე დგას დღეს.