საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით ქუთაისში სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პანელური დისკუსია გაიმართა.
პანელურ დისკუსიაში კომიტეტის წევრებთან ერთად იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს ექსპერტები და პედაგოგ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
კომიტეტის ინიციატივა სახელოვნებო განათლების რეფორმის მომზადებას შეეხება.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე გაამახვილა.
ელისო ბოლქვაძის განცხადებით, სახელოვნებო განათლების რეფორმა კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება და მისი იმპლემენტაცია, საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება.
„ძალიან მალე ჩვენ დავიწყებთ სახელოვნებო განათლების რეფორმას, რომელსაც კულტურის კომიტეტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ამზადებს. მალე დავიწყებთ საკომიტეტო მოსმენებს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი. საზოგადოებას აქვს რეფორმის მიმართ დიდი ინტერესი და მოლოდინები. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ინტერაქციული, ბევრმა მონაწილემ საინტერესო კითხვები დაგვისვა. მათ გაგვიზიარეს როგორც გულისტკივილი, ასევე იმედები. ვფიქრობ, რეფორმა დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ადამიანებს, ასევე სფეროს და დიდი მოტივაცია იქნება ახალგაზრდობისთვის“,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სახელოვნებო განათლების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო იმერეთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის, რადგან მას დიდი ხანია ამ სფეროს წარმომადგენლები ელოდებიან.
„მისასალმებელია კულტურის კომიტეტმა და კულტურის სამინისტრომ ამ საკითხზე მუშაობა, რომ დაიწყეს. სწორედ ასეთი შეხვედრების შედეგად მივიღებთ ისეთ რეფორმას და ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც იქნება მორგებული იმ ადამიანებზე, რომლებიც მოღვაწეობენ ამ სფეროში“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით კულტურის კომიტეტის ინიციატივით თემატური შეხვედრები სამეგრელოსა და იმერეთში დასრულდა.