სიახლეები

სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა

27 სექტემბერი, 2023
ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ მოქალაქეებთან ერთად ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს სასულიერო პირებმა.
 
,, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში სოხუმის დაცემა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მძიმე დღეა. 30 წლის წინ საქართველოს ერთიანობისთვის თავი გაწირეს ჩვენმა მეგობრებმა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა. მადლობა მათ სამშობლოს ერთგულებისთვის და კიდევ ერთხელ გულწრფელად ვუსამძიმრებ ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს.
 
მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენს ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწტვეტილი მშვიდობიანი გზით გააერთიანოს ქვეყანა“ - ლევან სანიკიძე.
 
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
 
ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.