სიახლეები

ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

15 სექტემბერი, 2023
ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში შეხვდნენ.
 
პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ მიულოცეს.
 
საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სრულად განახლდა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, განათების და წყალგაყვანილობის სისტემა. სამეცადინო და სატურნირო ოთახები მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მოწესრიგდა სკოლის ეზო, სადაც ღია საჭადრაკო დაფა გაკეთდა. თემატურად მოიხატა შენობის ფასადის კედელი.
 
საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისთვის 544 133 ლარი დაიხარჯა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა.
 
სკოლაში ამ ეტაპზე 327 ნორჩი მოჭადრაკე ეუფლება ჭადრაკს. ქუთაისის საჭადრაკო სკოლის აღზრდილები მუდმივად საპრიზო ადგილებს იკავებენ სხვადასხვა დონის საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის ჭადრაკის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე.