იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ქუთაისში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
,,საქართველოში რუსეთის შეიარაღებული აგრესიიდან 15 წელი გავიდა და დღეს ჩვენ, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ იმ გმირ ჯარისკაცებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
წელს განსაკუთრებით მძიმეა ეს დღეები ჩვენთვის რაჭაში განვითარებული ტრაგედიიდან გამომდინარე, სადაც ძალიან, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა. სტიქიის ზონაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთელს საქართველოს“ - ზვიად შალამბერიძე.
სასულიერო პირებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.