სიახლეები

ქუთაისში, კომპანიამ „ვათაგი“ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით,“ სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

31 ივლისი, 2023
კომპანიამ „ვათაგი“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიღებული სესხის ოდენობა 640,000 ლარია, პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდა 384,000 ლარი.
ბიზნეს ობიექტი ადგილზე დაათვალიერეს: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
 
,,იმერეთის მასშტაბით 23 პროექტი დაფინანსდა ამ საგრანტო კომპონენტით და შესაბამისად ახალი 23 საწარმო შეიქმნა, სადაც დასაქმდა ჩვენი მოქალაქეები. პროგრამის ეგიდით დაფინანსდა ახალი ბიზნეს მიმართულებები და გარკვეულწილად გაფართოვდა. აღნიშნული ინვესტიცია ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ამ მიმართულებით 8 700 000 ლარი დაიხარჯა და ვფიქრობ ყველა ბიზნესპროექტი უკვე წარმატებულია” - აღნიშნა ზვიად შალამბერიძე.
 
სამაცივრე მეურნეობას 200 ტონა რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში 60 ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია განკუთვნილია ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ.
 
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართავს და სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს სოფლად, ხორციელდება საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში.
 
პროგრამის მესამე კომპონენტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ახალი საწარმოების შექმნას, არსებული საწარმოების გაფართოებას ან გადაიარაღებას.
იმერეთის რეგიონში ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში 2022 წლიდან 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 23 ბენეფიციარს გაუფორმდა შეთანხმება.