სიახლეები

„იმერეთის რეგიონის ჭკვიანი სპეციალიზაციის სტრატეგიის“ პირველადი პროექტი შემუშავდა

28 ივლისი, 2023
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და 12-ვე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სამინისტრომ „იმერეთის რეგიონის ჭკვიანი სპეციალიზაციის სტრატეგიის“ პირველადი პროექტი შეიმუშავა.
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, სადაც „იმერეთის რეგიონის ჭკვიანი სპეციალიზაციის სტრატეგიის“ პირველადი პროექტი განიხილეს.
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგიოლემ მზია გიორგობიანმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს პროექტი გააცნეს და დეტალურად ისაუბრეს ბიზნესის ხელშეწყობის საჭიროებებზე.
 
იმერეთის ჭკვიანი სპეციალიზაციის სტრატეგიის პრიორიტეტული 4 ძირითადი მიმართულება (დომეინები) უკვე განისაზღვრა.
 
▶️ ლითონის მადნების მოპოვება, ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება
▶️ ხე-ტყის დამუშავება, ხის პროდუქტებისა და ავეჯის წარმოება
▶️ კვების ინდუსტრია (მ.შ. აგრობიზნესი, ხორცის გადამუშავება და ჰორეკას სექტორი)
▶️ ტექსტილის, ფეხსაცმლის, ტყავის ნაკეთობათა წარმოება
 
ჭკვიანი სპეციალიზაციის პროგრამის ეგიდით, 2020 წლიდან აქტიურად მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები იმერეთის ჭკვიანი სპეციალიზაციის სტრატეგიის შემუშავებისთვის, რომლის ფარგლებში ჩატარდა იმერეთის ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალის კარტირების რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევები, რის შედეგადაც, უახლოესი წლებისთვის გამოვლინდა მაღალი ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალის მქონე ოთხი პრიორიტეტული მიმართულება (ე.წ. დომეინი).
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, 2018 წლის ევროკავშირი-საქართველოს უმაღლესი დონის შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტის შესაბამისად, და შემდგომში, ევროკავშირთან 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული შესატყვისი თემატური ვალდებულებების გათვალისწინებით, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ევროკომისიის ერთიანი კვლევის ცენტრთან (JRC) მჭიდრო თანამშრომლობით, მუშაობს ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ერთ-ერთი მოწინავე მექანიზმის – „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ პლატფორმის („Smart Specialisation“ – S3) საქართველოში, კერძოდ კი იმერეთის რეგიონში პილოტირება/დანერგვის მიმართულებით.