იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერ გენადი ბალანჩივაძესთან ერთად, ჩრდილოეთ ამერიკის ბალნეოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, მარკუს კოპლინს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ლელა ფოცხვერაშვილს შეხვდა.
მხარეებმა წყალტუბოსა და ბაღდათის მინერალური და თერმული წყლების მნიშვნელობასა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისა და განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
,,იმერეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული-ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრობა.
ასევე, ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარების მიზნით, ჩვენ მზად ვართ ამერიკის შეერთებული შტატების ბალნეოლოგიურ ასოციაციასთან ვითანამშრომლოთ.
იმერეთში 33 მინერალური და თერმული წყლის საბადოა. აქედან ყველაზე მეტი ვიზიტორი წყალტუბოსა და ბაღდათში, საირმეს ყავს. აღნიშნული კურორტების განვითარებისთვის აუცილებელია უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელება კურორტებზე, არსებული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ცნობადობის ამაღლება მსოფლიოს მასშტაბით.
ჩვენთვის პრიორიტეტულია სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების დაჩქარება, ახალი ბაზრების ათვისება და საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლება. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, ასევე მკურნალობასა და გაჯანსაღების საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება“ - ზვიად შალამბერიძე.
იმერეთში ვიზიტის ფარგლებში მარკუს კოპლინი წყალტუბოშიც იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო არსებული ბალნეოლოგიური კურორტის მდგომარეობას.
ჩრდილოეთ ამერიკის ბალნეოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბალნეოლოგიური ალიანსის შექმნის თაობაზე, რაც მნიშნელოვან როლს შეასრულებს ქვეყანაში ბალნეოლოგიური დარგისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიმართულებით.