საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქ ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრნენ.
სტუმრებმა სკოლის კამპუსი დაათვალიერეს, უწყების თანამშრომლებთან და ტრენინგების მონაწილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა სკოლის პროგრამები, სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები განიხილა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სატრენინგო პროცესი ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს, მასში ჩართულები არიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი საჯარო მოხელეები, რომლებიც „საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის“ ფარგლებში გადიან „მუნიციპალური მართვის შესავალ კურსს“, ასევე მიმდინარეობს სახელმწიფო ენის ტრენერთა გადამზადება.
პარალელურად სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებს უტარდებათ ტრენინგი სამოქალაქო განათლებისა და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით.