სიახლეები

დავით ხახალეიშვილის სახელობის მე-17 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

13 ივნისი, 2023
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დავით ხახალეიშვილის სახელობის მე-17 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.
 
ჭიდაობის განახლებული სპორტული სკოლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დაათვალიერეს.
 
განახლებულ დარბაზში ქუთაისის ღია პირველობაზე ძიუდოში, 2012-2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის ტურნირი მიმდინარეობს, გამარჯვებული ნორჩი ძიუდოისტები დაჯილდოვდებიან შესაბამისი მედლებითა და დიპლომებით.
 
აღნიშნულ სკოლაში ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში (თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სამბო) 900-მდე ახალგაზრდა ეუფლება.
 
პროექტის მიხედვით , განახლდა შენობის გარე იერ-სახე და ინტერიერი, მოეწყო ძიუდოს დარბაზები, სავარჯიშო ოთახები, გასახდელები, სველი წერტილები.
 
სპორტული სკოლის რეაბილიტაცია 603 465 ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.
 
დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბალახის ჰოკეის სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ნიკეას დასახლებაში გაკეთდა სრულიად ახალი ბალახის ჰოკეის სტადიონი, რომელიც ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისია.
 
ასევე გაეცნენ ნინოშვილის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტის თანახმად, სკვერში განახლდება საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების და სარწყავი სისტემები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ძელსკამები, მოეწყობა ღობე და პანდუსები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულებაა1 250 812 ლარია.