სიახლეები

ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამით, 3D განათებების ფონზე, უკვე შესაძლებელი

12 ივნისი, 2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ოკაცეს ჩანჩქერზე მოწყობილი ღამის 3D განათებები დაათვალიერეს.
 
ასევე აღნიშნულ ლოკაციაზე იმყოფებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი.
 
პირველად საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე, ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც ხდება შესაძლებელი. ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს არ აყენებს გარემოს და, ამავდროულად, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.
 
აღსანიშნავია, რომ დღეიდან მომდევნო 1 კვირის განმავლობაში, ხონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ოკაცეს ჩანჩქერზე უფასოდ შეძლებს იმოგზაუროს 3D განათების ფონზე.
 
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს დაცული ტერიტორიების განვითარებაზე, მიმდინარე წელს, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, 22.5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აღნიშნულის ფარგლებში მოეწყო მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე 3D განათების სისტემები, რომლის საერთო ბიუჯეტმაც 4 მილიონი ლარი შეადგინა.