სიახლეები

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

15 ივნისი, 2015

დღეს სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომა თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის გეგმაზე მსჯელობით დაიწყო. 

"მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. რაც შეეხება დაზარალებულებს, რეგიონი მობილიზებულია და შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასახმარებლად. ქუთაისში უკვე გროვდება საჭირო ნივთები დედაქალაქში გასაგზავნად, მსგავსი ტიპის შტაბები იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება". – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

საკონსულტაციო საბჭოზე, ასევე განიხილეს: ელექტრონული საქმის წარმოების დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანაზე ისაუბრეს.  სხდომაზე სოლიდარობის ფონდში იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეების 2015 წლის განმავლობაში ნებაყოფლობით განხორციელებული დონაციის შესახებ იმსჯელეს და აგრეთვე, მოისმინეს ინფორმაცია იმერეთის რეგიონში თბილისი 2015 – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

დღესვე, პროექტ "დავასუფთავოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების" ფარგლებში, იმერეთის მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე მიეწოდათ ინფრომაცია.

ასევე, გაიმართა საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრ "თანადგომის" პროექტის პრეზენტაცია.