სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია დაათვალიერა

6 ივნისი, 2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია დაათვალიერა.
 
ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.
 
პროექტის მიხედვით ადგილზე ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყო. ოთხივე მოედანი აღიჭურვა განათების სისტემით, ორ მოედანზე კი მოეწყო ტრიბუნა. აკადემიის ტერიტორიაზე ასევე აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახები მოეწყო.
 
აღნიშნული ინფრასტრუქტურით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და 15-წლამდე გუნდები ისარგებლებენ. აკადემიის აღსაზრდელების გარდა, კომპლექსის გამოყენება ადგილობრივ საფეხბურთო სკოლებს, მოყვარულთა და ქალთა გუნდებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ.
 
ქალთა და ვაჟთა ასაკობრივი ნაკრები გუნდები კომპლექსს შეკრებებისთვის, საერთაშორისო და ოფიციალური მატჩებისთვის გამოიყენებენ.
 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აკადემიის მშენებლობისთვის მიწა ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდება. აკადემიის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დაიწყო და მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
 
ქუთაისის საფეხბურთო აკადემია უკვე მეხუთეა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში განახორციელა. ქუთაისის გარდა საფეხბურთო აკადემიები ლაგოდეხში, რუსთავში, გვიმბალაურსა და რუხში აშენდა.