ქუთაისში 480 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, დევნილ ოჯახებს სიტყვით მიმართეს, ახალმოსახლეობა მიულოცეს და სიმბოლურად მრავალშვილიან ოჯახს ბინის გასაღები გადასცეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ქუთაისში დასრულდა სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, სადაც 480 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა. უახლოეს პერიოდში, მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ 320 ბინის მშენებლობა დასრულდება.
დევნილების ბინებით უზრუნველყოფის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. მიმდინარეობს 720 ბინის მშენებლობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდება. მშენებლობა 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბინები გადაეცა და საცხოვრებელი დაუკანონდა 31 000 ოჯახს. ასევე გრძელდება სოფლად სახლების გადაცემის პროგრამა.
მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, დამატებით 13 000 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს, საიდანაც 7 000 იქნება ბინა, 6 000 კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გადასაცემი სახლები.
ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შერვაშიძის ქუჩაზე მოეწყო. კორპუსები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.