სიახლეები

ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი განახლდა

6 ივნისი, 2023
ჩვენ ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, ეს არის 21 წლამდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი. 21 ივნისს საქართველო-პორტუგალიის თამაში გაიმართება და ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად, რომ ღირსეულად, უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევაც, ამავე დროს არის ძალიან დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას. ჩვენ სულ რაღაც 1 წელიწადში, უფრო ნაკლებ დროში, ჩავუტარეთ რეაბილიტაცია 10 ობიექტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებულ სტადიონზე განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამში, 10 ობიექტის რეაბილიტაციისთვის 115 მლნ ლარი დაიხარჯა.
 
,,მე ვიცი ძალიან მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომლებიც არსებობს ამ ქალაქში. ფეხბურთი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ჩვენთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის. ეს არის მხოლოდ დასაწყისი.
სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც მიმდინარეობს ქუთაისში. განახლებული რეგიონის ფარგლებში, ჩვენ ჩავუტარეთ რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვან ობიექტებს, მაგრამ ახლა ჩვენ ვიწყებთ კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტს, - ჩვენი ისტორიული ქუთაისის, ისტორიული უბნების რეაბილიტაციას. 200 მილიონი გვაქვს ჩასმული წელს. გვინდა, რომ 10 ქალაქში დავიწყოთ განახლების სამუშაოები. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და წელსვე დავიწყებთ სამუშაოებს.
 
ასე რომ, ჩვენ ეტაპობრივად ვუვლით ქალაქებს, ვალამაზებთ და გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის, თანამედროვე, მოვლილ, ლამაზ ქალაქებად, რაიონებად, სოფლებად. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი. რაც მთავარია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო მშვიდობა, მეგობრებო, დამეთანხმებით. მშვიდობა არის მთავარი. ჩვენ ვახერხებთ და შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობაც, განვითარებაც გვაქვს, და ეს ყველაფერი, რაც შევძელით, რა თქმა უნდა, არის მშვიდობის დამსახურება და ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურება” - განაცხადა პრემიერმა.
უეფას სტანდარტების შესაბამისად განახლდა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. ფაქტობრივად, თავიდან აშენდა სტადიონის ადმინისტრაციული შენობა, რომელიც სრულად აღჭურვილია სპორტული და აუცილებელი ინფრასტრუქტურით.
 
სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავ-სადრენაჟე სისტემით.
 
სტადიონზე მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და უსაფრთხოების სისტემები. დამონტაჟდა სტადიონის სისტემა, გახმოვანებისა და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედსარეკლამო კედლები და სხვა. საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, სტადიონზე შეიქმნა ისეთი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას.
 
სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია.
 
პრემიერ-მინისტრთან ერთად განახლებულ სტადიონზე იმყოფებოდნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.