1-ლი ივნისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანიამ WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყო. Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.
მესამე ბაზირებული ხომალდის დაბრუნებასთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ავიაკომპანიის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უმნიშვნელოვანესი რგოლია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში. ის ფაქტი, რომ ქუთაისის აეროპორტს დაემატა ახალი ბაზირებული ხომალდი მიუთითებს იმაზე, რომ ტურისტების მხრიდან იზრდება ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა ჩვენს რეგიონში.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მიმართულებების დამატებით, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, სადაც დასაქმებული არიან ჩვენი თანაქალაქელები, რაც თავისთავად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ კონტრიბუციას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“ - განაცხადა მედიასთან ზვიად შალამბერიძემ.
5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.
ბოლო რამდენიმე წელია WIZZ AIR საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. 2022 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში 683, 000 მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისიდან ჯამურად, WIZZ AIR ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.