სიახლეები

იმერეთში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასკვნით ეტაპზეა

23 მაისი, 2023
საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს, მათ შორის არის ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონი წყალტუბოში.
 
სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს.
 
ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო, დამონტაჟდა სტადიონის განათებისა და გახმოვანების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა.
 
სტადიონები აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით.
 
სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა.
 
სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.
 
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.