სიახლეები

წყალტუბოში წყალმომარაგება-წყალარინების სამუშაოები გრძელდება

22 მაისი, 2023
“წყალტუბოს წყალარინების ახალი გამწმენდი ნაგებობა თანამედროვე სტანდარტის ობიექტია,რონელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც არსებულ, ისე უახლოესი პერსპექტივის მოთხოვნას.
მუნიციპალიტეტში ასევე, შენდება წყალტუბოსა და სამი სოფლის წყალარინების ქსელი, მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის გაფართოებისა და გამრიცხველიანების ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
 
წყალტუბოში წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდი ნაგებობა უკვე ფუნქციონირებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
 
პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტს, ჯამში, 12 მილიონი ლარი მოხმარდა.
 
ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით. მდინარეში ჩამდინარე წყალი, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, ბიოლოგიურად გაიწმინდება და გაიფილტრება, რაც გადაჭრის მდინარეების დაბინძურების მრავალწლიან პრობლემას.
 
იმერეთში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებიც. სულ, ხორციელდება მილიარდ ლარზე მეტის 20-მდე პროექტი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 90 000 ბენეფიციარი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით.
 
წყალტუბოს გამწმენდი ნაგებობა ირაკლი ქარსელაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორ ალექსანდრე თევდორაძესთან ერთად ადგილზე მოინახულა.