იმერეთში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ქუთაისის მერთან, იოსებ ხახალეიშვილთან ერთად დაათვალიერა.
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქუთაისში დასრულდა ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობების რეაბილიტაცია.
ხონში, ჭანტურიასა და მოსე ხონელის ქუჩებზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, განახლდა 13 შენობა, 1 პარკი და ცენტრალური მოედანი. ვანში კი, დასრულდა თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე, ჯამში, 35 შენობის რეაბილიტაცია, 3 სკვერის, მოსახლეობის სახლებში შესასვლელი ღობეების განახლების და განათების მოწყობის სამუშაოები. ასევე, მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი, ბაზრის ტერიტორია და მიმდებარე კომერციული ფართები. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ დაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხონის ბულვარს და გივი ყიფიანის სახელობის ტყე-პარკს. ვანში კი, დასრულდა თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სკვერისა და მიმდებარე სოციალური დანიშნულების შენობის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 4.2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. პროექტები მუნიციპალიტეტებმა განახორციელეს.