6 მაისს, ბარსელონაში, ევროპის 2023 წლის მუზეუმის კონკურსის (EMYA 2023) დაჯილდოების ცერემონიაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს სილეტოს პრიზი გადაეცა.
სილეტოს პრიზი ამ კონკურსის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოა და გადაეცემა მუზეუმს „საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისათვის“. პრიზი დიზაინერ არჩიბალდ ნოქსის მიერ დამზადებული თასია, ის ერთი წლის განმავლობაში ვანის მუზეუმში იქნება წარმოდგენილი.
2023 წლის კონფერენციის მთავარი თემა იყო „დემოკრატია და დემოკრატიზაცია: გადაუდებელი გამოწვევები დღეს“.
„საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მიზანია, ჩამოაყალიბოს ახალი პერსპექტივები ქალაქ ვანის, არქეოლოგიური გათხრების ადგილისა და რელიგიური ცენტრის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მითიურ ოქროს საწმისთან. მისი ახლად რესტავრირებული შენობა 2020 წელს გაიხსნა მუდმივმოქმედი გამოფენებით, რომლებიც ასახავს კოლხეთის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქის არსებობის რვა საუკუნეს. მუდმივი და დროებითი გამოფენების გარდა, მუზეუმი გვთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს და წარმოადგენს კვლევით ლაბორატორიას, როგორც რეგიონის ყველაზე დიდ და ერთადერთ მრავალფუნქციურ საჯარო სივრცეს. ის ასევე არის რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრების ადგილი“, – ნათქვამია წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვანის მუზეუმი ცდილობს, გაზარდოს ცნობიერება საზოგადოებრივი, კულტურისა და განათლების ფართო საკითხებზე.