კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვანის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრის სცენაზე სპექტაკლ „ვალის“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ვანის სახალხო თეატრისა და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო თეატრის ერთობლივი ნამუშევარია და ის კულტურის სამინისტროს კონკურსის - „სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“ - გამარჯვებულია; შესაბამისად, მიმდინარე წელს სამინისტრომ სპექტაკლის სადადგმო ხარჯები დააფინანსა. პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაესწრნენ.
წარმოდგენას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე გოგორიშვილი - ვანის მუნიციპალიტეტის მერი, ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე, ზაზა ლომინაძე - ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, მეუფე ანტონი - ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, ასევე, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.
სპექტაკლის რეჟისორია გიორგი სიხარულიძე, პიესის ავტორი - გურამ ბათიაშვილი, მხატვარი - თეო კუხიანიძე, კომპოზიტორი - გომარ სიხარულიძე.
„ვალის“ პერსონაჟები საქართველოში მცხოვრები ებრაელები არიან, რომლებიც სამშობლოსთან განშორების სევდამ მშობლიურ ისრაელში დააბრუნა, ისრაელში დაბრუნების შემდეგ კი საქართველოს მონატრება არ აძლევთ მოსვენებას და მათთვის ნუგეში იერუსალიმის ქართული მონასტრის ბერძნებისგან გამოსყიდვა ხდება. სპექტაკლი ქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვანი მეგობრობის გამოძახილია.
ვანის სახალხო თეატრიდან სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: გიგა ბუბუტეიშვილი, ამიკო შარაშენიძე, აბელ სოსელია, გივი საგინაშვილი, ვახო ამანათიძე, ირინა გუბელაძე.
დმანისის სახელმწიფო თეატრიდან: ნანუკი მაკრახიძე, ანა ბერელაშვილი, გიორგი გიორგიძე, ანა ბანძელაძე, დათო ჩოგოვაძე, კოსტა ფოცხვერაშვილი.
პიესა, რომლის მიხედვითაც სპექტაკლი „ვალი“ პირველად 1979 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა, გურამ ბათიაშვილმა 45 წლის წინ დაწერა.