სიახლეები

ქუთაისის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ჩამოვიდნენ

2 მაისი, 2023
ქუთაისის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ჩამოვიდნენ. სტუმრების ოფიციალური მიღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.
,,მოგესალმებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, დამეგობრებული ქალაქების ხელმძღვანელებო და მოწვეულო სტუმრებო. პირველ რიგში მადლობას გიხდით ჩამობრძანებისთვის და ქალაქის დღესასწაულში მონაწილეობისთვის.
 
ჩვენთვის, როგორც სამთავრობო გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობები ქვეყნებთან და ქალაქებთან. იმერეთის რეგიონს და ასევე ქალაქ ქუთაისს არაერთი დამეგობრებული ქალაქი და რეგიონი გვყავს. ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე სხვადასხვა პროექტებში აქტიურად ვთანამშრომლობთ და იმედს ვიტოვებ, რომ ამ მიმართულებით კიდევ მეტს გავაკეთებთ, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკაა.
 
იცით, რომ ქუთაისი არის მსოფლიოს უძველესი ქალაქი, 3500 წლიანი ისტორიით და ევროპული ღირებულებებით. სწორედ ევროპული ღირებულებებით ვაგრძელებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნებთან.
თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცით, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც სრულად ასახავს ქვეყნის მოსახლეობის ურყევ ნებას, გახდეს დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. ასევე ჩვენი ქვეყნის ურყევი მიზანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება და თქვენი მხარდაჭერა ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.
 
საქართველო არის დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა. ჩვენ, აუცილებლად მივაღწევთ მთავარ მიზანს და გავხდებით ისეთი ორგანიზაციების წევრი ქვეყანა, რომელიც იქნება გარანტი საქართველოს დემოკრატიისა და უსაფრთხოების” - ზვიად შალამბერიძე.
 
ქუთაისს 20-მდე ქალაქის დელეგაცია სტუმრობს.