სიახლეები

გილოცავთ ,,ქუთაისქალაქობას”

2 მაისი, 2023
დღეს ,,ქუთაისქალაქობა“ აღინიშნება. სახალხო დღესასწაული ტრადიციულად ბაგრატის ტაძარში ქალაქის დალოცვით დაიწყო. სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
,,ვულოცავ ქუთაისს და ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაულს. სასიხარულოა ის, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დღეს სრულფასოვნად ავღნიშნოთ ქალაქის დღე. სახალხო დღესასწაულს ქუთაისი ხვდება განახლებული ცენტრით, სადაც ჩატარდება ის ღონისძიებები, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.
 
ჩვენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის ახალი პროექტების შესაბამისად, ყოველ ,,გვირილობას” და ,,ქუთაისქალაქობას” შევხვდებით კიდევ, უფრო მეტად განახლებული ქუთაისით და კიდევ, უფრო მეტად განახლებული ინფრასტრუქტურით” - განაცხადა მედიასთან იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.
 
დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამი ოთარის ძეგლს პატივი მიაგეს.
 
ქუთაისელი კოლორიტების (ოთარ მამფორია, ოთარ ქორქია, ოთარ სულაბერიძე) ძეგლები ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული.
 
"ქუთაისქალაქობა 2023“ - სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა აქტივობა (კულტურული, სპორტული, საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი). ასევე დღის მანძილზე ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იქნება, პროექტის ,,ქარავანი -არტფორუმი“ ფარგლებში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ხელოვნება, ცენტრალურ მოედანზე კი გამოიფინება ვინტაჟური ავტომობილები.
 
დღის ბოლოს დაგეგმილია თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი მესხიშვილის თეატრში. ასევე, ცენტრალურ მოედანზე 20:30 საათზე ჩატარდება გალა კონცერტი თბილისის ბიგ - ბენდის მონაწილეობით.