იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
იმერეთის გუბერნატორმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერით რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ და ელჩს მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ მხარეში ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 69 656 927 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტებია დაფინანსებული. გარდა ამისა, სხვადასხვა პროგრამით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტია განხორციელებული.
მხარეებმა შეხვედრაზე იმერეთის ტურისტულ პოტენციალზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საინვესტიციო გარემოზე, სოფლის მეურნეობის, კონკრეტულად მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის საჭირო პროექტებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ასევე, ხაზი გაუსვა კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს, რომლის განხორციელება იმერეთში მალე დაიწყება. საუბარია დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფართოებაზე. დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, რომლის მთლიანი საინვესტიციო ბიუჯეტი 47 მილიონი ლარი იქნება. პროექტის ფარგლებში დასრულდება 3,5 კმ-იანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირება, განხორციელდება სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის გეგმიური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი, განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები. აღნიშნული პროექტი გარდა ვიზიტორების სიმრავლისა დამატებით ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა ქვეყანასთან.
ზვიად შალამბერიძემ ასევე ისაუბრა წყალტუბოს განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ გენერალური გეგმის თანახმად, უკვე დაიწყო კურორტის ახალი სიცოცხლისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ რამდენიმე სანატორიუმი უკვე გასხვისდა და სანატორიუმების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იმერეთის გუბერნატორმა, ქუთაისის მერმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მოინახულეს ქუთაისის ცენტრში მდებარე კოლხური შადრევანი, რომლის რეაბილიტაცია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა. ასევე დაათვალიერეს რეაბილიტირებული ასსაფეხურიანი კიბეები.
ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები და ელჩი ქუთაისში მდებარე მწვანე ნარჩენების კომპოსტირების პირველ ცენტრს ესტუმრნენ, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. ცენტრი პირველი ობიექტია დასავლეთ საქართველოში, სადაც ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირება ხდება და გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, პირველად სტუმრობს იმერეთის რეგიონს. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ელჩი ქუთაისსა და წყალტუბოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს ეცნობა. პროექტების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა რეგიონული განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება, გარემოს დაცვა, განათლება, უნარების განვითარება და სხვა.