ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფრანგი დრამატურგის, ჟან ანუის, პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის, „ანტიგონეს“, პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი რეჟისორმა, თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჯუღელმა დადგა.
საპრემიერო წარმოდგენას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და იმერეთის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი მუნიციპლიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
სპექტაკლში მთავარი საკვლევი ობიექტი ადამიანია, როგორც სამყაროს ცენტრი. რეჟისორი მაყურებელს იმ უმნიშვნელოვანესი ფასეულობების შესახებ დააფიქრებს, რომელთა შორის არჩევა მთელი ცხოვრების განმავლობაში გვიწევს. რა არის თავისუფლება და ღირსება და არის თუ არა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი? ანტიგონე, რომელიც სრულიად მარტო უნდა დაუპირისპირდეს მთელ სამყაროს და ბიძა-მეფე კრეონს და თაობებისთვის თავგანწირვის მაგალითად იქცეს, მორალური პრინციპებისთვის ბრძოლაში სიკვდილსაც კი არ უშინდება.
სპექტაკლში მონაწილეობენ ზესტაფონის თეატრის მსახიობები: ნინიკო აბესაძე, გიორგი გლოველი, გიორგი ჩაჩუა, თემურ კიკნაველიძე, ზურაბ აბესაძე, თემურ ქველიაშვილი, მარეხ აბესაძე, ნანუკა ისიანი, ნინო აბესაძე, კოსტა ფოცხვერაშვილი და ბადრი ტაბატაძე, ასევე - დმანისის თეატრის მსახიობი ნანუკი მაკრახიძე და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი ნანცო ცხვირაშვილი. კოსტიუმებსა და სცენოგრაფიაზე იმუშავა ხატია დავითაშვილმა. კომპოზიტორია სანდრო ნიკოლაძე. სპექტაკლს ცოცხალი შესრულებით მუსიკალურად აფორმებენ ლუკა პაჭკორია, სანდრო ფოცხიშვილი და სანდრო მოსაშვილი. სასცენო მოძრაობა და პლასტიკა შოთა გეგიაძეს ეკუთვნის. ტექნიკური რეჟისორია მარი აბესაძე.
„ანტიგონეს“ პრემიერის შემდეგ, 1-ლი აპრილიდან, ზესტაფონის თეატრი ,,თეატრალურ კვირეულს“ უმასპინძლებს. ამ თეატრალურ დღესასწაულში მონაწილეობას მიიღებენ დედაქალაქისა და რეგიონული თეატრები.
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზესტაფონის თეატრი წლის განმავლობაში ოთხ კვირეულს მასპინძლობს.