იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზურაბ ვაჭარაძეს და ვენახების კადასტრის სამმართველოს უფროსს, დავით მაღრაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე, დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში, ვენახების კადასტრის პროგრამის დაწყება განიხილეს. აღინიშნა, რომ 2023 წელს, პროგრამა იმერეთის, სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებში განხორციელდება.
ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს რთველის პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობას.
ვენახების კადასტრის შექმნა მოხდება თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით, რომელიც შეიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მევენახე ფერმერებისთვის ვენახების კადასტრის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ყველა რეგიონში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.
ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. დღეისათვის, პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც ჯამში, აღწერილია 45 312 ჰა ფართობის ვენახები.
პროგრამის იმერეთის, სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებში განხორციელებით, ვენახების კადასტრი შექმნილი იქნება საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონში.
ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითარებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრია. საქართველოს ვენახების კადასტრის შექმნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული გამოცდილებისკენ.