სიახლეები

თეა წულუკიანმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი თავაძე წარუდგინა

5 მარტი, 2023
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი გიორგი თავაძე, წარუდგინა. მესხიშვილის თეატრში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, მესხიშვილის თეატრის დასის წევრები, ადმინისტრაციისა და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
შეხვედრაზე თეა წულუკიანმა მნიშვნელოვან სიახლეზე ისაუბრა, კერძოდ, თეატრისათვის 2023 წელს გამოყოფილი ბიუჯეტი, რომელიც 1 133 000 ლარს შეადგენს, სამინისტროს მიერ კიდევ 250 000 ლარით გაიზრდება, რაც მხოლოდ ხელფასების გაუმჯობესებისათვის იქნება გამოყენებული. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თეატრის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზეც. მინისტრმა ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს შესთავაზა, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც თეატრის ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით, მათ შორის პროექტის შექმნაზე, იმუშავებს. თავის მხრივ, ზვიად შალამბერიძემ მესხიშვილის თეატრს მხარდაჭერა აღუთქვა. ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ისაუბრა თეატრის განვითარების საკუთარ ხედვებსა და ინიციატივებზე და ამ პროცესში თეატრის ადმინისტრაციისა და დასის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თეატრის ადმინისტრაციის თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებაზე, მართვაში ხარვეზების აღმოფხვრასა და თეატრის შემოქმედებითი პროცესის გააქტიურებაზე.
 
შეხვედრის დასასრულს, კულტურის მინისტრმა მესხიშვილის თეატრის მთელ შემოქმედებით გუნდს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი თავაძის, თაოსნობით წარმატებული და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.
 
გიორგი თავაძე სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან დაინიშნა.
 
გიორგი თავაძემ 1990 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1991–2000 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის რეჟისორი, 2001–2006 წლებში - თბილისის სამეფო უბნის თეატრის მთავარი რეჟისორი, 2006–2013 წლებში - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2021-2022 წლებში კი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი.
 
გიორგი თავაძის დადგმებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: რუსთაველის თეატრში წარმოდგენილი ი. სამსონაძის „იქ სადაც ღვარად მოედინება" და „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე" (ამავე პიესის დადგმამ ბათუმის თეატრში წლის საუკეთესო რეჟისორის დიპლომი მოუტანა), თ. ჭილაძის „ნახვის დღე" (რ. სტურუასთან ერთად), ი. სამსონაძისა და გ. თავაძის თანაავტორობით პიესა „დაბოლილი მთვარე“, ტ. სტოპარდის „მაგრიტის შემდეგ“; ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში - ვ. სიხარულიძის „გარეუბნის მარტოსახლი", სამეფო უბნის თეატრში (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა) - ლ. ბუღაძის „ნუგზარი და მეფისტოფელი", ბათუმის დრამატულ თეატრში – ი. სამსონაძის „საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში", მ. ვიშნეკის „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“, კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“ და სხვა.
გიორგი თავაძეს მიღებული აქვს სანდრო ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილისა და იუსუფ კობალაძის სახელობის პრემიები.