პროფესიული უნარები რეგიონის განვითარებისთვის - თემაზე მსჯელობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მულტიფუნქციურ ცენტრში გაიმართა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კერძო სექტორმა იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც კვალიფიციური კადრების მომზადებისთვის არის საჭირო.
პროფესიული განათლების მიმართულებით რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ. სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ არაერთი პროგრამა განახორციელოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
,,პროფესიული სწავლების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. სახელმწიფოს გვერდით დგომითა და დახმარებით ქუთაისისა და ბაღდათის პროფესიულ სასწავლებლებში 20-მდე სპეციალობის შესწავლა მიმდინარეობს და ახალგაზრდებს აქვთ საშუალება საკუთარ რეგიონსა და ქალაქში დაეუფლონ მისთვის საინტერესო პროფესიას.
გარდა ამისა, იმერეთში კიდევ, სამი სასწავლებლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. მალე სამტრედიაში, ხონსა და წყალტუბოში დამატებით ახალი პროფესიული სასწავლებლები დაიწყებენ ფუნქციონირებას, რომელთა მიზანია სხვადასხვა სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება.
აქვე მინდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად დავასახელო ზესტაფონში არსებული პროფესიული კოლეჯი ,,კონსტრუქტ2“, რომელიც წლებია კვალიფიციურ კადრებს ამზადებს სამშენებლო მიმართულებით და უფრო მეტიც, მათი კურსდამთავრებულები საქმდებიან სამშენებლო კომპანიებში.
ასე, რომ პროფესიული უნარების განვითარების მიმართულებით რეგიონში არაერთი პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს. სახელმწიფო გამოთქვამს მზაობას დაეხმაროს და დაუფინანსოს ყველა მსურველს პროფესიული სწავლება“ - ზვიად შალამბერიძე.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილმა. მათ ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფო პროგრამებზე და პროფესიული სწავლების მნიშვნელობაზე.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, მიიღეს ინფორმაცია არსებული სერვისებისა და შესაძლებლობების, ასევე ბიზნესის მონაწილეობით მიმდინარე რეფორმის შესახებ.