სიახლეები

პროექტის „ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული განვითარება“ - პრეზენტაცია გაიმართა

23 თებერვალი, 2023
„ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული განვითარება“ - აღნიშნული თემის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
 
პრეზენტაციას დაესწრო: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი მამუკა ცოტნიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფების, პარტნიორი ორგანიზაციისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი.
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ხელშეწყობას. პროექტი გათვლილია ხონის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.
 
პროექტის ფარგლებში: შეიქმნება და ამოქმედდება საინვესტიციო მზაობის ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ ონლაინ რეჟიმში გაეცნონ კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებას, ჩატარდება მასშტაბური ადგილობრივი საინვესტიციო ფორუმი, გაიცემა 11 გრანტი ადგილობრივ ორგანიზაციებზე, განხორციელდება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, შეიქმნება ადგილობრივი პროდუქციის საგამოფენო სივრცეები და ახალი ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტები, მათ შორის დევნილთა დასახლებაში.
 
ასევე გათვალისწინებულია ნახახულევის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული კომპლექსი, ქიმიისა და ფიზიკის მუზეუმის მოწყობა.
 
პროექტი ხორციელდება ხონის მუნიციპალიტეტისა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი - „აფხაზეთის“ მიერ.