სიახლეები

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

22 თებერვალი, 2023
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდნენ.
 
„სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ ლოტზე, რომელზეც მიმდინარეობს მშენებლობა, დაზიანდა მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი, რამაც გამოიწვია ამ ბურჯზე დაყრდნობილი ორი მალის ნაშენის ჩაწოლა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რაც ყველაზე მთავარია. უკვე დაწყებულია მიზეზების შესწავლა, ჩართულია აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სამსახური, ექსპერტები, ინჟინრები, რათა დადგინდეს ამის გამომწვევი მიზეზები. ბუნებრივია, შესწავლის შედეგად, მიზეზებიდან გამომდინარე, უკვე განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე მშენებარე ხიდის დაზიანებული მონაკვეთის ადგილზე დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
 
შემთხვევის ადგილზე დილიდან იმყოფებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი. მდინარე რიონის წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება დაზიანებული და ჩაწოლილი მონაკვეთის სპეციალური შესწავლა.
 
სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. გზის ეს მონაკვეთი გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.