ქუთაისის უნივერსიტეტში ევროკავშირის ჟან მონეს ზამთრის სკოლა: "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა და ქუთაისის მერმა პროექტის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
ზამთრის სკოლა 27 თებერვლამდე გაიმართება. სესიები ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ყოველ დღე ჩატარდება (მის: ქუთაისი, წერეთლის ქ. N13). თითოეული სესიის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს.
ზამთრის სკოლისთვის მონაწილეები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქუთაისის უნივერსიტეტის, "ევროპის უნივერსიტეტის" და სხვა უნივერსიტეტის, ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს, ასევე საქართველოს ნებისმიერი სკოლის დამამთავრებელი კლასის (XI-XII კლასი) მოსწავლეებს.
ზამთრის სკოლის მონაწილეებისთვის სესიებს ქუთაისის უნივერსიტეტის და შვედეთის გოტერბორგის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ.
ზამთრის სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მოდულით გათვალისწინებული ახალი პროექტის მომზადებაში და მის წარდგენაში შესაბამის ფონდებში. ასევე ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს ექნება „ქუთაისის უნივერსიტეტის” ჟან მონეს აქტივობების სხვა ღონისძიებებში ჩართვის და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრისა თუ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობა და სხვა.