რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ამ დროისთვის იმერეთის მასშტაბით საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება.
12-ვე მუნიციპალიტეტში მეორე დღეა გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზები იწმინდება, როგორც ქალაქის ასევე სოფლების მიმართულებით, თუმცა გარკვეულწილად სამუშაოებს ინტენსიური თოვა აფერხებს.
იმერეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს.
სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ, გოგნში გზის გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
,,მეორე დღეა იმერეთში გადაუღებლად თოვს და შესაბამისად გარკვეული შეფერხებები შეიქმნა საავტომობილო გადაადგილების კუთხით. დღეს 73 სოფელში გვაქვს შეფერხება, თუმცა ყველა სამსახური მუშაობს, ასევე ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ტექნიკაც მობილიზებულია მუნიციპალიტეტებში, რომ დროულად გაიწმინდოს მისასვლელი გზები ყველა სოფელში. ამ ეტაპზე 50 000-მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია და რა თქმა უნდა ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც, პრობლემის დროულად მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული კომპანია ,,ენერგო-პრო“. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში გზებიც გაიწმინდოს და ელექტროენერგიაც აღუდგეს ჩვენს თანამოქალაქეებს“ - ზვიად შალამბერიძე.
რეგიონის მასშტაბით გაწმენდით სამუშაოებში 90 ერთეული შესაბამისი ტექნიკაა ჩართული.
თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით. კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” შესაბამისი ჯგუფები პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად ახორციელებენ სამუშაოებს.