საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
,,დავითობას“ განსაკუთრებულად აღნიშნავენ ქუთაისში. მთელი დღის განმავლობაში ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დავით აღმაშენებლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.
,, ვულოცავ სრულიად საქართველოს წმინდა მეფე დავითის ხსენების დღეს. ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ, რომ კიდევ ერთხელ დაუდგეს ძლევაი საკვირველი. ქართველი მეფის, დავითის დიდი ღვაწლი არის, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი თვითმყოფადობა, სარწმუნოება და ქვეყანა გვაქვს შენარჩუნებული“ - ლევან სანიკიძე.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.