ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა.
ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გახსნეს. ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსი – მოეწყო საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეები, 456 მსმენელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი, სარეპეტიციო დარბაზი, სველი წერტილები და გამოსაცვლელი ოთახები.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულება ჯამში 2 330 133.19 ლარს შეადგენს.
მრავალფუნქციური ცენტრის გახსნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-წლის იუბილეს მიეძღვნა. აღნიშნულ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოადგენს. შესაბამისად, ამ მიმართულებით სამინისტროს მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
გახსნის ცერემონიის ფარგლებში უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებულ დარბაზში ასევე ჩატარდა უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლების ,,ადილასა“ და ,,კოლხას“ კონცერტი, რომელშიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საშემსრულებლო ხელოვნების სპეციალობის (ყოფილი სამუსიკო კოლეჯი) სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.