სიახლეები

გენდერის პოლიტიკის დოკუმენტის, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესახებ დღეს ქუთაისში იმსჯელეს

24 დეკემბერი, 2022
გენდერის პოლიტიკის დოკუმენტის, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესახებ დღეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
 
აღნიშნულ შეხვედრაზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებების ეფექტურობასა და დასძინა, რომ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ასრულებენ.
 
,,ჩვენს რეგიონში, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, მუნიციპალური პროგრამები და გეგმები გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრებთან ერთად ისე მუშავდება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.
 
საქართველოში გენდერულმა კვოტამ გავლენა მოახდინა ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე, თუმცა ეს კვლავ არაა საკმარისი, რეალურად სასურველია უფრო მეტი ქალბატონი ჩაერთოს პოლიტიკაში და მითუმეტეს, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.
 
ყველა ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური და სოციალური აღმშენებლობისკენ მიისწრაფვის, მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას, ქალების გაძლიერებასა და მათ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ჩვენ გვჭირდება მეტი ქალბატონი პოლიტიკაში - ქვეყანაში, რეგიონებში, მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში” - ზვიად შალამბერიძე.
 
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა და პრინციპები.
 
საბჭო თავისი საქმიანობით, მუნიციპალურ დონეზე, უზრუნველყოფს საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას. მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ (სტამბოლი კონვენცია), გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW) და სხვა.
 
ასევე საბჭოს პრიორიტეტია გენდერული თანასწორობის გაძლიერების ხელშეწყობა მონაცემებზე დაყრდნობილი პოლიტიკის წარმოებით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებისთვის კვლევის ჩატარება და კვლევაზე დაფუძნებით ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის და სხვა სერვისების გენდერული მეინსტრიმინგი.
 
გარდა ამისა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა, ასევე ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობა.
 
შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში ნინო წილოსანი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.