მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილი იქნება დიდი იტალიელი კომპოზიტორის ჯაკომო პუჩინის ძალზე პოპულარული, საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული შედევრი - ოპერა „ტოსკა“, რომლის დადგმის მთავარი ხელშემწყობია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
წარმოდგენას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.
„ტოსკა” მსოფლიო საოპერო ლიტერატურის შედევრთა რიგს განეკუთვნება. ქუთაისის ოპერის თეატრის რეპერტუარში, ამ ეტაპზე ეს იქნება ჯაკომო პუჩინის პირველი ოპერა.
პუჩინის „ტოსკას“ საპრემიერო დადგმაზე იმუშავა არაერთგზის ნაცადმა და წარმატებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის შემადგენლობით. საპრემიერო სპექტაკლებში მონაწილეობას იღებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები ნათია სტეფანიშვილი, თამარ ლებენიძე (ტოსკა), არმაზ დარაშვილი, ბადრი ადამია (კავარადოსი), მამუკა ლომიძე, ოთარ ნაკაშიძე (სკარპია), გივი გიგინეიშვილი, კალისტრატე ხარჩილავა (ანჯელოტი), ბაკურ კვირიკაშვილი, ემილ ჩარგაზია (მნათე), ბერდია ონიანი (სპოლეტა), დავით სიმსივე (შარონე, მეციხოვნე), ასევე ანრი ადამია (მწყემსი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი. სპექტაკლს უდირიჟორა თეატრის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.
რეპერტუარშია ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“, ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“, „პირველი სიყვარული“, რევაზ ლაღიძის „ლელა“, ივანე გოკიელის „წითელქუდა“, გიორგი ჩლაიძის „დარისპანის გასაჭირი“, ბიძინა კვერნაძის „იყო მერვესა წელსა“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“, რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“, სერგეი რახმანინოვის „ალეკო“.