პოლონეთში, ქალაქ ვალბრჟიხში ვიზიტით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი იმყოფებოდნენ, სადაც ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა და ქალაქ ვალბჟიხის მერმა რომან შზელემეიმ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ვალბჟიხს ქვანახშირის ინდუსტრიულ მრეწველობაზე დაფუძნებული ეკონომიკა აერთიანებს, რაც მომავალში ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალაქ ტყიბულის ინდუსტრიული რევიტალიზაციისთვის მნიშვნელოვანი პროექტების შემუშავებაზე, რისთვისაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით ინდუსტრიული რევიტალიზაციის გეგმები მომზადდება.
ასევე, მხარეები განახორციელებენ ურთიერთმხარდაჭერას ადგილობრივი მთავრობის მმართველობის დარგში, ასევე გაცვლიან საკუთარ ქალაქებში ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში მიღებულ გამოცდილებებს.
ქ. ვალბჟიხში გამართულ ოფიციალურ მიღებას, ასევე ესწრებოდნენ გერმანიის და პოლონეთის სხვადასხვა ქალაქების დელეგაციები. დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს შახტში გარდაცვლილთა ხსოვნას, დაესწრნენ სადღესასწაულო წირვას და საზეიმო ვახშამს.