სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი აშშ-ს ელჩს შეხვდა

8 დეკემბერი, 2022
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე, განათლების მიმართულებით განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე, ტურისტულ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე. ასევე, მხარის გუბერნატორმა იმერეთის რეგიონში, აშშ-ს საელჩოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
 
,, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმერეთში სტუმრობისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით და გვერდით დგომით, მხარეში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. იმედს ვიტოვებ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და ერთობლივად შევძლებთ საინტერესო პროექტების შექმნას. იმერეთში საკმაოდ ბევრი პროექტი პარტნიორი ქვეყნების დახმარებით ხორციელდება, მათ შორის აღსანიშნავია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც რეგიონში, ბოლო ორი წლის განმავლობაში 69 656 927 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა პარტნიორ ქვეყანას გიხდით მადლობას იმერეთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ - აღნიშნა აშშ-ს ელჩთან საუბრისას მხარის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ასევე ისაუბრეს რეგიონის მასშტაბით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე. საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა 30 წელს მოიცავს.
 
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ოფიციალური ვიზიტი იმერეთის რეგიონში გრძელდება. კელი დეგნანი სხვადასხვა დაწესებულებას ესტუმრება და მათი მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს ადგილზე გაეცნობა.
 
სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა აშშ-ს ელჩის იმერეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.