სამტრედია-გრიგოლეთის მეოთხე, 9.5 კმ-იან მონაკვეთზე უკვე დასრულებულია 2 ხიდის, 1 სატრანსპორტო კვანძის, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში დაიწყება გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოებიც.
მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს.
,, ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, კერძოდ სამტრედიის მონაკვეთზე. ფაქტიურად დასრულების ფაზაშია სამშენებლო სამუშაოები. უახლოეს პერიოდში ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ უკვე ავტომაგისტრალით სარგებლობა სამტრედია - ჯაპანას მონაკვეთზე , რაც უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს და რა თქმა უნდა გაზრდის მგზავრობის გამტარუნარიანობას“ - ზვიად შალამბერიძე.
„დასკვნით ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის I და IV მონაკვეთების მშენებლობა. მე-4 მონაკვეთზე, ფაქტობრივად, დასრულებულია ყველა ძირითადი სამუშაო, საფარის ჩათვლით, სადაც წლის ბოლომდე ვგეგმავთ მოძრაობის გახსნას. მაღალი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები პირველ მონაკვეთზეც, თუმცა, მთავარ გამოწვევად რჩება მდ. რიონზე მშენებარე ხიდი. ხიდის ბურჯების დიდი ნაწილი ამოყვანილი და მომზადებულია შემდგომი სამუშაოებისათვის. კონტრაქტორი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართულობით, მაქსიმალურად ცდილობს გამოწვევა დროულად გადაიჭრას და შემდგომი სამუშაოებიც, ასევე მაღალი ხარისხით გაგრძელდეს. მთლიანობაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველი მონაკვეთის დასრულების შემდეგ, არგვეთას კვანძიდან ლანჩხუთამდე ჩვენ გვექნება 86 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა. მოძრაობა გახსნილი იქნება მე-4 მონაკვეთის 10 კმ-ზეც. სამუშაოები დარჩენილ მონაკვეთებზე კი, გამოწვევების მიუხედავად, მაღალი ტემპით გაგრძელდება“ - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა.
აღნიშნული გზის ეს მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსას გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას მიმდინარე წლის ბოლომდე, გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება.
პროექტი ევროპის საინვეტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია.
აქტიურად გრძელდება სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის პირველ, 11.5 კმ-იან მონაკვეთზეც, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს), სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება.
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, სადაც 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობა მიმდინარეობს.