კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისში არსენ ფოჩხუას ოჯახს ესტუმრნენ.
საქართველოს დამსახურებული არტისტის 200-ზე მეტი ნამუშევარი მისივე სახლში ინახება და მათ ხელოვანის მეუღლე პატრონობს.
ქალბატონი ლია ქურციკიძის თქმით, აუცილებელია, რომ მეტმა მოსწავლემ და ახალგაზრდამ იხილოს და ეზიაროს არსენ ფოჩხუას შემოქმედებას. მან მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს საკითხით დაინტერესებისთვის და ნამუშევრების გამოფენაში დახმარება სთხოვა.
კულტურის მინისტრმა არსენ ფოჩხუას ნამუშევრების გამოფენაში დახმარებისთვის მზადყოფნა გამოხატა და აღნიშნა, რომ მხატვრის საიუბილეო წელს (2023 წლის 22 აგვისტოს ა. ფოჩხუას დაბადებიდან 100 წელი სრულდება), მოეწყობა გამოფენა და შეიქმნება კატალოგი.
აღსანიშნავია, რომ 1996 წლის შემდეგ, საქართველოში მხატვრის ნამუშევრების მასშტაბური პერსონალური გამოფენა არ გამართულა.
არსენ ფოჩხუა 1923 წელს ქუთაისში დაიბადა. 1944-48 წლებში სწავლობდა კონსერვატორიაში.
1945-82 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში და პირველ სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგად.
1946-47 წლებში ლადო გუდიაშვილის მიწვევით არსენ ფოჩხუა მონაწილეობდა ქაშვეთის ტაძრის მოხატვაში დამხმარე მხატვრად.
1951 წლიდან არსენ ფოჩხუა, როგორც გრაფიკოსი, მონაწილეობს გამოფენებში, ხოლო 1955 წელს გამოფენაზე პირველად გამოაქვს ბზასა და სადაფზე ნაკვეთი ნამუშევრები.
1978-82 წლებში მხატვარი მუშაობს ქართულ ბროლზე, თავისეული ჩუქურთმის მისადაგებისა და ღრმა კვეთით მრავალფიგურიანი კომპოზიციების შექმნაზე. ბროლის გაქართულების ეს ექსპერიმენტი წარმატებით განხორციელდა. ასევე აღსანიშნავია მისი მუშაობა ძვალზე (მამონტის ეშვი).
მხატვრის ნამუშევრების გამოფენები ეწყობოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - საფრანგეთში. მას 1982 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
არსენ ფოჩხუას ნამუშევრებია: „მუზა" (1974), „შემოქმედის სამყარო" (1973), „მემატინე" (1965), „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები (1968-1974), „მუსიკის დაბადება" (1971), ლარნაკები - „საქართველო" (1980), „ჩვენი სამშობლო" (1982) და მრავალი სხვა.