საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სსიპ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრაზე წარმოადგინეს შენობის რეაბილიტაციის პროექტის საპრეზენტაციო ფორმატი და თეატრის მთავარი ფარდის ესკიზი, რომელზეც გამოჩენილი ქართველი მხატვარი თეიმურაზ (მურაზ) მურვანიძე მუშაობდა.
პროექტის მოსამზადებლად, სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა თეატრის შენობის ძირეული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა. ამ ეტაპზე პროექტი დასრულებულია. იგი შედგება არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო, ინტერიერის დიზაინის და სხვა ნაწილებისაგან.
კულტურის სამინისტრომ 300 000 ლარი გაიღო პროექტისათვის, რომელზე მუშაობაც 2022 წლის 21 ოქტომბერს დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია.
2022 წლის თებერვალში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია შპს „ჯორჯიან ჰაუსმა“. აკუსტიკის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის პროექტი, „ჯორჯიან ჰაუსის“ დაკვეთით, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფინურმა კომპანია „აკუკონმა“ შეიმუშავა.
ქუთაისის ოპერის აღორძინების საჭიროება 2021 წლის 15 აპრილს ქუთაისის ოპერის თეატრში კულტურის მინისტრის ვიზიტისას გამოიკვეთა, რის შემდეგაც დაიწყო აქტიური მუშაობა არაერთი მიმართულებით.
ქუთაისის ოპერის აღორძინების პროექტი გულისხმობს თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, ასევე, შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას თეატრის ადამიანური რესურსით გაძლიერების მიზნით, მაღალი საშემსრულებლო და შემოქმედებითი დონის შექმნასა და ქუთაისის ოპერის თეატრის მსოფლიოს წარმატებულ თეატრთა რიგში ჩაყენებას.
2022 წელს, საშემსრულებლო საკადრო რესურსით გაძლიერების მიზნით, ქუთაისის ოპერის თეატრს სამინისტროს მიერ უკვე გაეზარდა ბიუჯეტი 812 580 ლარით.