შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება ქუთაისში გაიმართა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე მისულ ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სივრცეებში გასცნობოდა აღნიშნული დანაყოფების საქმიანობას.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ამავე დანაყოფების აღჭურვილობა და სპეცტექნიკა.
კამპანიის ფარგლებში, სახალხო ღონისძიებების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებს მართავენ, სადაც მოზარდებს ინფორმაციას აწვდიან მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე.