სიახლეები

რეგიონული ფორუმი - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა დემოკრატიის მშენებლობის გზაზე

28 ოქტომბერი, 2022
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა დემოკრატიის მშენებლობის გზაზე-საკითხის შესახებ რეგიონულ ფორუმზე იმსჯელეს.
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ, შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს და ქალთა პოლიტიკაში ჩართვასა და გაძლიერებაზე გაამახვილეს ყურადღება.
 
,, ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში ნიშნავს თანასწორი და სამართლიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც მორგებული იქნება ყველა ჯგუფის ინტერესზე. მართალია რთულად მიღწევადია და წლები დასჭირდება უფრო მეტი ქალბატონის ჩართულობას სახელმწიფოს განვითარების გზაზე, მაგრამ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
 
ჩვენ გვყავს ქალბატონები მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტში, საკრებულოებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში და ვხედავთ როგორი ეფექტურია მათი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში.
 
საქართველოში გენდერულმა კვოტამ გავლენა მოახდინა ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე, თუმცა ეს კვლავ არაა საკმარისი, რეალურად სასურველია უფრო მეტი ქალბატონი ჩაერთოს პოლიტიკაში და მითუმეტეს, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.
 
ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ასრულებენ. ამ მიზნით მუნიციპალიტეტებში შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭოები და წევრები გენდერული საკითხების განიხილვასა და შემდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე არიან ორიენტირებულები.
 
ყველა ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური და სოციალური აღმშენებლობისკენ მიისწრაფვის, მხარს უჭერს ქალების გაძლიერებასა და მათ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში - ქვეყანაში, რეგიონებში, მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში - ზვიად შალამბერიძე.
 
რეგიონული ფორუმი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.